ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კონსტიტუციაში ცვლილებების დადგენილებას ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ბელარუსში რეფერენდუმი კვირას ჩატარდა და ბელარუსის ცესკო-ს მონაცემებით ცვლილებებს 65%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.
საკონსტიტუციო ცვლილებებით ბელარუსი აღარ იქნება ნეიტრალური, არაბირთვული სახელმწიფო. შესაბამისად, ქვეყანა ღია იქნება ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებისა და მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებით ლუკაშენკას გაუადვილდება ძალაუფლების შენარჩუნება. მას 2035 წლამდე შეეძლება პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი, ხოლო მოქალაქეებს, ვინც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბელარუსი დატოვა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა აეკრძალებათ.
ასევე, ბელარუსში ძალაუფლება გაეზრდება სახალხო ასამბლეას, რომელიც, გარკვეულწილად, პარლამენტის ალტერნატივად ჩამოყალიბდება.