ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პროტესტანტების წინააღმდეგ ავტობუსებით გადაჰყავთ სპეცრაზმი, ქუჩებში რკინის კორდონებია აღმართული, მზადდება სპეცტექნიკაც.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დახურეს მეტროსადგურები და შეიზღუდა ინტერნეტის გავრცელება.
დღეს იწურება ლუკაშენკოს გადადგომის თაობაზე ოპოზიციის ულტიმატუმის ვადა.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტალანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და თავი ლიეტუვას შეაფარა.
არჩევნების ღამესვე ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში გამოსული ოპოზიცია და ათასობით მოქალაქე ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.
სპეცრაზმმა დაშალა არაერთი აქცია. დააკავეს და დაშავდა ბელარუსის ათასობით მოქალაქე, რამდენიმე დემონსტრანტი კი დაიღუპა. ოპოზიციის ლიდერთა უმეტესობას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მათ წინააღმდეგ ბელარუსის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა.
ევროკავშირი შეთანხმდა, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისთვის და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებს.