„ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „ვისოლი“ და „სოკარი“ რუსეთიდან საწვავის იმპორტს ეწევიან - IDFI

პუბლიკა

რუსეთიდან საწვავის იმპორტს ქართულ ბაზარზე 5 უმსხვილესი კომპანიიდან 4 ეწევა. ამის შესახებ ნათქვამია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაში – „რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში“.

IDFI-ის მიხედვით, რუსეთიდან საწვავის იმპორტში ჩართულები არიან: „ლუკოილ ჯორჯია“, „გალფი“, „ვისოლი“ და „სოკარი“.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის არის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი 5 კომპანიიდან 4:

„სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“), „ლუკოილ ჯორჯია“, „ვისოლი“ და „სოკარი“. აღნიშნულ კომპანიებს, კვლევის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ კითხვები, თუ რა რაოდენობის საწვავის იმპორტი განახორციელა თითოეულმა მათგანმა რუსეთიდან მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის ჩათვლით, ასევე, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს რა პროცენტული წილი უკავია მათ მიერ 2022 წელს იმპორტირებული საწვავის საერთო რაოდენობაში.

კომპანიებს დამატებით დაესვათ კითხვები, რა არის მთავარი მიზეზი/მიზეზები, რის გამოც რუსეთიდან ახორციელებენ საწვავის იმპორტს. ამ კითხვებზე არც ერთ კომპანიას პასუხი არ გაუცია“, – ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

IDFI-ის მიხედვით, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში 623 მილიონ დოლარამდე ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით საქართველომ 192%-ით მეტი რუსული ნავთობი შეიძინა, ხოლო თანხობრივად ზრდამ 361% შეადგინა.

ასევე IDFI-ის მიხედვით, ამ კომპანიების ნაწილი რუსულ კომპანიებსა და რუსეთში მომუშავე ბიზნესმენებთან იყო სხვადასხვა დროს დაკავშირებული.

მაგალითად, „ლუკოილ ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელია LITASCO SA, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს რუსული Lukoil Public Joint Stock Company. რუსული „ლუკოილი“ 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა, რაც ნავთობის პროექტების შეზღუდვას გულისხმობს.

IDFI წერს, რომ „ლუკოილ ჯორჯიას“ 2010 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ავტომობილის საწვავის მიწოდებაზე გაფორმებული აქვს 3 ათასამდე ხელშეკრულება, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარს აღწევს.

ასევე რუსულ კომპანიასთან იყო დაკავშირებული 2022 წლამდე შპს „პეტროკას ენერჯი ჯორჯია“, რომელიც „გალფის“ ბენზიგასამართი სადგურების ქსელს ფლობს.

IDFI-ის მიხედვით, „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ წილის 100%-ს ფლობს კვიპროსში რეგისტრირებული „პეტროკას ენერჯი მენეჯმენტ ლიმითედი“. „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორია საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ქათამაძე. ერთ-ერთი დამფუძნებელია ვანო ნაკაიძე.

2014 წლიდან კომპანიის 49%-ს რუსული „როსნეფტი“ ფლობდა, რომელიც 2022 წლის მაისში ნაკაიძემ გამოისყიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, „გალფთან“ არის დაკავშირებული რუსეთში მომუშავე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რაზეც სხვადასხვა წყაროები მიუთითებს.

როგორც IDFI წერს, 2013 წლის ივნისში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავის ანგარიშში წერდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული დავით კეზერაშვილის ბიზნესების ნაწილი არჩევნების შემდეგ სწორედ დავით იაკობაშვილის მფლობელობაში გადავიდა, სავარაუდოდ, ოფშორულ ზონებში გაფორმებული გარიგებების შედეგად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ მათ შორის იყო „სან პეტროლიუმ ჯორჯია“.

„იგივე დოკუმენტი მიუთითებდა დავით იაკობაშვილისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებზეც“, – წერს IDFI.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, „პეტროკას ენერჯი ჯორჯია“ მოხვდა უკრაინაში შექმნილ ვებგვერდზე, რომელიც სანქციებს და სანქცირების რისკის ქვეშ მყოფ ბიზნესმენებსა თუ კომპანიებს ეხება, მაგრამ კომპანიისთვის ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებიათ.

„2022 წლის ზაფხულში უკრაინულ პლატფორმაზე „ომი და სანქციები“ გაჩნდა ჩანაწერი „პეტროკას ენერჯი ჯორჯიას“ დედა კომპანიის, კვიპროსში რეგისტრირებული PETROCAS ENERGY INTERNATIONAL LIMITED-ისა და მისი დამფუძნებლის, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის შესახებ, რომ „მას მჭიდრო კავშირი აქვს რეჟიმთან, რომელმაც მოამზადა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

ის 2018 წლის 26 დეკემბერს იყო კრემლში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელზეც განიხილეს საკითხები სახელმწიფოს ეკონომიკასთან დაკავშირებით.

ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

აღნიშნული პლატფორმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ შექმნეს. პროექტის აღწერის მიხედვით, „ომი და სანქციები“ არის მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულნი არიან რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები და ბიზნესმენები, ასევე ის სუბიექტები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინასთან რუსეთის ომს“, – წერს IDFI.