პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველო ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა, რადგან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებს ემატება რუსეთის ძლიერი გავლენა და ქვეყნის ინტერესებისთვის საჭიროა გადაუდებელი მოქმედება.
ამისთვის ის 3 ინიციტივას ასახელებს. ამბობს, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს, ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზები განთავსდეს, ამოქმედდეს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობა და მიიღონ ლუსტრაციის კანონი.
„ღიად პრორუსული ძალები და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა საზოგადოებრივ პლატფორმებზე არიან მოკალათებული, დაუფარავად ცდილობენ, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნონ.
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანია ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიულ ხაზებს კვეთს.
საქართველოს ინტერესებისთვის გადაუდებლად მიმაჩნია ეროვნული კონსოლიდაციის, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მძლავრი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც მოხდება:
1. საქართველოში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც საკანონმდებლო ასევე ეკონომიკური კუთხით;
2. აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფად ამოქმედება, რომელიც საქართველოს ეკონომიკასა და მის მოქალაქეებს მისცემს სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას;
3. „ლუსტრაციის კანონი“ – ეროვნული კონსოლიდაციისა და სუვერენიტეტის დაცვის აქტის მიღება – მტრული სახელმწიფოების სამსახურში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსავლენად“, – წერს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ საკითხებზე სასაუბროდ ის მრგვალი მაგიდის ფორმატში ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს.
„ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის სწრაფი განვითარება უნდა იყოს ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვჭირდება ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, დასავლელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ინტენსიური მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად და რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.
საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ძლიერი ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც მიმზიდველი იქნება ცივილიზებული სამყაროსთვის, როგორც სანდო მოკავშირე და პარტნიორი“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.