რუსულმა „ფბს“-მ (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) აღძრა სისხლის სამართლის საქმის წარმოება გერმანული მედია Deutsche Welle-ისა და უკრაინული მედია “1+1”-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინაიდან მათ გადაიღეს სიუჟეტები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში მას შემდეგ, რაც იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები შევიდნენ.
Deutsche Welle რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტების” სიაშია შეყვანილი. მისი კორესპონდენტის, ნიკოლას კონოლის და უკრაინელი ჟურნალისტის, ნატალია ნაგორნაიას წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აღიძრა.
„ფბს” ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებმა „არალეგალურად გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და გადაიღეს ვიდეოები კურსკის ოლქის სუჯას დასახლების ტერიტორიაზე“.
გასულ კვირას რუსულმა უწყებამ ანალოგიური ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო CNN-ის რეპორტიორ ნიკ უოლშის, უკრაინელი ჟურნალისტების ოლესია ბოროვიკისა და დიანა ბუცკოს, ასევე იტალიური მაუწყებლის, RAI-ს ჟურნალისტების, სტეფანია ბატისტინისა და სიმონე ტრეინის წინააღმდეგ.