მაჩალიკაშვილს ეგონა, რომ საფრთხისშემცველი გარემოდან გაყავდათ. შემდეგ გაიგო, რომ დააკავეს - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტს და განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ, 6 ივლისს მედია საშუალებებისა და აქციის მონაწილეებისგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია დაკავების, მისი საფუძვლებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ“, – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის თქმით, მათ სახალხო დამცველის აპარატის დახმარებით დღეს დილით შეიტყეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის N2 დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა.

„ჩვენი ადვოკატები დაუყოვნებლივ შეხვდნენ ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს იზოლატორში. შეხვედრისას ბატონმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ, რამდენად მისთვის ცნობილია, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით არის დაკავებული“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

მათივე თქმით, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გუშინ ღამით იგეგმებოდა მისი ხელწერილით გათავისუფლება, თუმცა პოლიციამ ეს დაპირება მოგვიანებით რატომღაც შეცვალა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის იმყოფებოდა ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს მიღმა, აქციის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც რკინის ჯებირების მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ცდილობდნენ ჯებირების გარღვევას მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ამ დროს მასთან გამოჩნდა პოლიცია და იფიქრა, რომ სამართალდამცავები საფრთხის შემცველი გარემოდან განრიდებას ცდილობდნენ. ამ პირობებში ცხადია, მას არანაირი წინააღმდეგობას პოლიციისთვის არ გაუწევია. მხოლოდ მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ პოლიციამ ის დაუსაბუთებლად დააკავა“, – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

როგორც ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, ამ დრომდე ადვოკატებს მათთვის საქმის მასალები არ გადაუციათ. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მათ განუმარტეს, რომ დღესვე სასამართლო პროცესი გაიმართება და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მაშინ მიეცემათ.

„ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების კანონიერების საკითხზე მეტი განმარტების შესაძლებლობა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოგვეცემა და საზოგადოებასაც გავუზიარებთ ჩვენს კრიტიკას და შეფასებებს“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.


„პუბლიკასთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ მუხლებს, რის საფუძველზეც არის დაკავებული მაჩალიკაშვილი. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ მათი ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.