მაჭარაშვილი: 100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ გააგრძელოს 

პუბლიკა

„ხალხის ძალის” ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს. დეპუტატის კომენტარს „მთავარი არხი” ავრცელებს. ჟურნალისტი მაჭარაშვილს კითხვას გლოვის დღის გამოცხადების საჭიროებაზეც უსვამს.

„ხუთი კი არა, სამი და ერთი ადამიანის დაღუპვაც კი, მათ შორის, რა თქმა უნდა,  უკრაინის ომში მონაწილეების, არის ჩვენთვის ტკივილი და ტრაგედია. ერთი ადამიანისაც კი და მათ შორის 100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს”, – ამბობს მაჭარაშვილი.

კითხვაზე – უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გაკეთებული განცხადებების გამო? – უპასუხა:

„ბოდიში უნდა მოხადოს ყველამ, ომის პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჭანჭიკებით დამთავრებული. პოლიტიკური ჭინკები, შავი ლენტი რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე. საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტი? ჰკითხეთ ხოშტარიას საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტი ნაძვის ხეზე?” – ამბობს მაჭარაშვილი.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის სამძიმარი მე-3 დღეს გამოთქვა. 5 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ უკრაინაში.

„დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ახლაც სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა ჩვენი მთავრობის მიერ თავიდან აცილებული”, – ღარიბაშვილი.

3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.