„ქართული ოცნების“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ნინო ლომჯარიას გუშინდელი განცხადება შეაფასა. ნინო ლომჯარიამ ირაკლი კობახიძეზე თქვა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე სერიოზულ ფიგურად არ მიაჩნია.
„არანაირი ლეგიტიმაცია, აღიარება არ აქვს არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არცერთ ქვეყანასთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მაჭარაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველმა ამ განცხადებით მათი ეჭვები, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ომბუდსმენი ჩართული, დაადასტურა.
„პრაქტიკულად, სახალხო დამცველმა ჩვენი ეჭვები და განცხადებები დაადასტურა, რომ ნინო ლომჯარია პირდაპირ ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში, რადგან სახალხო დამცველის ფუნქციები არ არის, განცხადებები აკეთოს და არკვიოს, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ფუნქციები და ლეგიტიმაცია რა არის და რა არა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახალხო დამცველს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები გააჩნია.
სულ მცირე, ეს შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ ობიექტური შეფასებები არ მოსწონს მის საქმიანობაზე, საიდანაც სხვათა შორის, თავად არის არჩეული და ახლა აპირებს, საწინააღმდეგო განცხადებები აკეთოს და ამისთვის გამოიყენოს აპარატი, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესები. საზოგადოება ხედავს, რომ, სამწუხაროდ, ნინო ლომჯარია დაკავებულია არა ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების უფლებების დაცვით არის დაკავებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.