მაჭარაშვილი: საზოგადოების ინფორმირებაზე მუშაობას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო დავხვეწთ

პუბლიკა

„ქართული ოცნებიდან“ წასული ერთ-ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა პრემიერს მოუწოდა, გაემიჯნოს „იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან“.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ მმართველი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება სწორია.

„დღეს, როგორც მინიმუმ, მივიღეთ ის სიტუაცია, რომ ომის პროპაგანდას და რადიკალურ პროცესებს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ორი-სამი თვის წინ დავინახეთ, რომ სერიოზული რისკი იყო. გარკვეულ ძალებს ჰქონდათ მიღებული სერიოზული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ომში ჩართვა გაემართლებინათ იმით, თითქოს ეს იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენის დაწყების პროცესი, რეალურად კი მივიღებდით დიდ დარტყმას, როგორც სახელმწიფო.

ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ არის ინფორმირებული საზოგადოება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. როგორც ჩანს, ამან გაამართლა, მუშაობს ის პრინციპი, რომ საზოგადოებამ თუ იცის სწორი და საჭირო ინფორმაცია, მიიღებს სახელმწიფოდან და ხალხის ინტერესებიდან სწორ გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო კარგად დავხვეწთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, კელი დეგნანის კრიტიკის შემდგომი განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ არის.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ქართული ოცნების ლიდერის განცხადება რომ განსხვავდება მათი განცხადებებისგან ეს არავის უკვირს, რადგან სწორად ამიტომ დატოვეს მმართველი პარტია, რომ მათი განცხადებები განსხვავდება ერთმანეთისგან.

„როცა მმართველ პარტიაში ხარ, გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ჩარჩოები გაგაჩნია, ამიტომ ჩემი და ჩემი კოლეგებისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ერთნაირი ვერ იქნება, ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია. მეტიც, ჩვენი მიზანი ხომ ეს არ იყო, ვინმესთვის რაიმე შეურაცხყოფა მიგვეყენებინა და ანტიდასავლური განცხადებები გაგვეკეთებინა? – არა, პირიქით, ჩვენ ვამბობდით ყველა წერილში, რომ ნამდვილი ევროპული ღირებულებები და ჯანსაღი ურთიერთობები გვინდა აშშ-თანაც და ევროკავშირთანაც. თუ მოხდება ისე, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯით, რომელმაც გაამართლა, ურთიერთობები აშშ-სთან, ისეთი იქნება, როგორც თანაბარი სახელმწიფოების, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.