მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილს ყაველაშვილისთვის საჩუქრად მიტანილი წიგნი ესროლა

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს წიგნი მიუტანა და ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მოგვიანებით, სალომე სამადაშვილმა ეს წიგნი სხდომის დარბაზიდან გასვლისას მიხეილ ყაველაშვილის მაგიდაზე დატოვა. დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კი წიგნი აიღო და სალომე სამადაშვილის მიმართულებით ისროლა.

„სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა იმიტომ, რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი. ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე. რუსულ ენაზე სხვათა შორის, სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა, არსად ექნებათ გასაქცევი და ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც, გინების გარდა, სხვა სიტყვებიც ისწავლოს“, – თქვა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.


გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ.

კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გარეთ, პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც პარლამენტის შენობაში. კომიტეტის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბიც იყო. მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის ოთახიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.