მაჭუტაძე, ქარდავა და ჩხეიძეები ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ

პუბლიკა

დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები და ბაჩუკი ქარდავა, რომელთაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ტოვებენ.

„ის, რაც მოჰყვა ამ ფაქტს ჩემი კოლეგების მხრიდან, ემოციურ შეფასებებს არ ვგულისხმობ, ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა ვიყავი და დღესაც ვრჩები აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი „ქართული ოცნების“ დამარცხების საქმეში“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

„ჩვენ, დეპუტატები, ბატონი როსტომ ჩხეიძე, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, მე, ნიკა მაჭუტაძე, რომლებიც ვართ არჩეული საქართველოს პარლამენტში მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის პარტიული სიით და ვიყარეთ კენჭი ბლოკით, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ ფრაქციას, სახელწოდებით – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

განცხადება გაავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტია „კატეგორიულად ემიჯნება სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. “კლანის” გაკეთილშობილების ყოველგვარ მცდელობას.“

„არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ მათთან ფრაქციულ და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა გვაკავშირებდა.  დღეიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.


16 მაისს პარლამენტში 90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა მათ მადლობა გადაუხადა.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეფასებით, ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს.