„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს „ოცნების“ მაჟორიტარებისგან სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ.
„ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია – ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მაჟორიტარული შემადგენელი იქნება შენარჩუნებული, არა იმ რაოდენობით, რასაც ვითხოვდით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული… მეორე – შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული, არამედ იმ სისტემით, რა სისტემასაც ახლა მივიღებთ.
უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით, თუ ვინმეს აქვს წინააღმდეგობა, რომ იქნას შიგნით დაფიქსირებული. ძირითადად, მაჟორიტარებზე იყო მოლოდინი, რომ შესაძლო იყო წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა გარკვეულწილად, სხვა პოზიცია, ჩვენ მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, 21 ივნისს ჩანიშნულია რიგგარეშე სესია, რომელზეც ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.