მაჟორიტარებს არ წარვადგენთ, რათა არ გაიყოს ენმ-ის მოწინააღმდეგეთა ხმები - სოც-დემოკრატები

პუბლიკა

სოციალ-დემოკრატები მაჟორიტარების წარდგენას არ აპირებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში დღეს გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგი გამართა.

„ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა. პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათ მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა. იმისთვის, რომ არ გაიყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეთა ხმები, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს მხარი დაუჭირონ „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე კანდიდატს.

ჩვენ მთელ ძალებს მივმართავთ პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. პარლამენტში მოვხვდებით სერიოზული წარმომადგენლობით და გადამწყვეტ გავლენას მოვახდენთ ქვეყნის განვითარებაზე“,– ამბობენ პარტიაში.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 14 სექტემბერს წარადგენენ საარჩევნო პლატფორმას და პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც პარტიის პროპორციულ სიაში იქნებიან.