საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქს მადლობას უხდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის საპატრიარქოს პოზიციისა და იქ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლებაში დახმარებისთვის.
ამის შესახებ საუბარია მისალოც წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქ კირილს 75-ე დაბადების დღეზე გაუგზავნა.
„მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თქვენი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომ პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, საეკლესიო კანონების გათვალისწინებით, თქვენ აღიარებთ ჩვენს უძველეს მიწებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოსა და ქართული ეკლესიის განუყოფელ ნაწილად.
ჩვენ და ჩვენი ხალხი მადლიერები ვართ იმის გამოც, რომ თქვენ მონაწილეობას იღებთ ხოლმე ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლების პროცესშიც, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ დროებითი საზღვრის დარღვევის გამო.
რასაკვირველია, არსებობს კომპლექსური გადაუჭრელი საკითხები, რომლებიც პრობლემებს წარმოშობს, მაგრამ რჩება უკეთესი მომავლის იმედიც. ჩვენი კეთილგანწყობა კი თქვენდამი გულწრფელია“, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში.
მისალოც წერილში ილია იხსენებს რუსეთის პატრიარქის წარსულსაც და წერს, რომ მან უზარმაზარი სამუშაოს გასწია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მათ შორის, ადრე მოუწია ხელისუფლებისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმაც. მისმა თავდაუზოგავმა შრომამ კი მაღალ დონეზე აიყვანა სოციალური, საგანმანათლებლო და მისიონერული მიმართულებები.