აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა. მისი თქმით, წინასწარი შედეგებით, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.
„წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები და ამ შედეგებით როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე უმაღლეს საბჭოში, მანდატების უმრავლესობა მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“.
არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას. დღესაც ერთ-ერთი მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მაღალმთიანი აჭარის ოლქში, ხელვაჩაურში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ქობულეთს, ბათუმს, რადგან იქ გვქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა და დღესაც იქ იყო ეს აქტიურობა. ჩვენ შევძელით, რომ ეს არჩევნები გამართულიყო ღირსეულად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატი.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მანდატებზე უარს აცხადებენ. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.