საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
ნინოწმინდის პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, თუ რომელიმე ბავშვს პანსიონის თანამშრომელზე აქვს პრეტენზია, ასეთი თანამშრომლები პანსიონში არ დაიშვებიან. მან აჟიოჟატისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ ამის შედეგად ისინი სწრაფად და ხარისხიანად შეცვლიან ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას.
„თუ ვინმეზე [პანსიონის თანამშრომლებზე] რომელიმე ბავშვს მაინც აქვს რამე ნათქვამი, აღარ ვარჩევთ, ეს ბავშვი მტყუანია თუ არა. ეს თანამშრომლები აღარ დაიშვებიან პანსიონში. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არ არის.
ასეთი დიდი დაწესებულებები არის ძალიან მოძველებული ფორმა. ასეთები არ შეიძლება. იმიტომ მიდის შეცვლა. ჩევნს ქვეყანაში ბავშვებს ვერ უვლიდნენ. 2022 წლის აპრილამდე არის ლიცენზირებული ჩვენს ქვეყანაში ასეთი სასწავლებლები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც შევცვლით უკვე. დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის. სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ვისაც სურვილი ექნება, შეეძლება, დატოვოს პანსიონი და სოციალური მუშაკები გადაწყვეტენ, თუ სად შეიძლება, წავიდნენ ბავშვები.
შეკითხვაზე, შეცდომა იყო თუ არა, რომ პანსიონში სახალხო დამცველს არ უშვებდნენ აქამდე, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა უპასუხა, რომ არ სურს წინამორბედებზე საუბარი.
გადაიყვანენ თუ არა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვებს, – შეკითხვაზე, მთავარეპისკოპოსმა პასუხობს, რომ ადგილზე მოეწყობა დღის ცენტრი, ხოლო ბავშვებს ნინოწმინდაშივე სხვა ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
„სხვა ტერიტორიაზე მოხდება, თვითონ ნინოწმინდაში. აქ იქნება დღის ცენტრი. ჩვენ ჩართულები ვიყავით ყველანი, საპატრიარქო, სახელმწიფო, ევროკავშირი, USAID და World Vision. ახლა დაემატა სახალხო დამცველიც. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას ჩვენ გავითვალისწინებთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ. რადგან მე მივედი და ეს საქმე ჩემთვის არის ახალი, მაგრამ უცხო არ არის. ამას მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ აუცილებლად“, – თქვა მან.
მთავარეპისკოპოსმა ასევე შეაფასა ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა და განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ გულღია საუბარი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პორბლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით იმაზე, სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო და მე ერთად ჩავალთ პანსიონში იქ ვნახავთ სიტუაციას და ამის შემდეგ, დღესდღეისობით სოციალური აგენტები მუშაობენ“, – თქვა მან.
მთავარეპისკოპოსმა მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ ნუ აქვთ ნინოწმინდის პანსიონისთვის ალყა შემორტყმული, რადგან ეს ბავშვებისთვის სტრესულია.
თქვენ გთხოვთ, ჟურნალისტებს ალყა რომ გაქვთ შემორტყმული, დიდი სტრესია ეს ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან სტრესიდან.
„გულითადი საუბარი გვქონდა, არ ყოფილა პრეტენზიები. მტყუან მართალზე არ იყო საუბარი უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული სიტუაცია, თქვენ თუ არ დამიძაბავთ სიტუაციას. ვეუბნები „მთავარ არხს“ ალყა რომ გაქვთ შემორტყმული, ბავშვები გეუბნებიან, წადით, წადითო. ჩვენ თქვენს გამო ვერ დავდივართო, რატომ უშლით ბავშვებს? ბავშვები გეუბნებიან, წადითო. ნუ ხართ აგრესიულები, საერთოდ“, – განაცხადა მან.