„მადლობა არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღსანიშნად ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტს მოსახლეობისთვის სცენიდან მიმართვის შეთავაზება არ მიუღია.

საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას ესწრებოდა, ის თავისუფლების მოედანზე, სცენასთან ახლოს, ხალხთან ერთად იდგა. ღონისძიების დაწყებამდე პრეზიდენტმა მედიას უთხრა, რომ ის სცენასთან ახლოს უნდა ყოფილიყო, „ვინიცობაა, რომ დაუძახონ“.

თუმცა ღონისძება ისე დასრულდა, რომ პრეზიდენტს სცენაზე ასვლა არავინ შესთავაზა. „ოცნების“ ლიდერებს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელისუფლების დამსახურებაზე საუბრისას არ უხსენებიათ პრეზიდენტის წვლილი.

„მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ეს ერთმანეთში გაცვლილი მადლობები. ამიტომ არც მწყინს, მე მიხარია ის, რაც აქ ხდება აქა ხალხში.  ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის ვერაფრით. კიდევ ერთხელ გილოცავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების დატოვების წინ.

ევროკავშირის წარმომადგენელი, პაველ ჰერჩინსკი ერთადერთი იყო, ვინც საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს დღეს სცენაზე ასვლის საშუალება არ ექნებოდა, „ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან სავარაუდო იყო.

„ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ასეთ ადამიანებს მით უმეტეს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე“, – განაცხადა „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოგვიანებით ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის სცენაზე ასვლა გათვალისწინებული არ არის.

„თუ ტაეკვანდოს ილეთებს გამოიყენებს, არ ვიცი”. – თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილმა მდინარაძის პასუხად განაცხადა, რომ „ტაეკვანდო მისი საყვარელი სპორტი არ არის”.