მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ზეწოლას და დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს, რომლებმაც ზურაბიშვილის განცხადებით, მისი იმპიჩმენტის შესახებ სასამართლო პროცესზე „ყველანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შერაცხყოფას გაუძლეს“ და დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – წერს ზურაბიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დღეს დაიწყო. განხილვას თავად სალომე ზურაბიშვილი არ დასწრებია და ნდობა გამოუცხადა თავის ორ წარმომადგენელს: თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 4 ოქტომბერს გაგრძელდება.

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ” 1 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. მმართველ პარტიას ზურაბიშვილის გადაყენება იმის გამო სურს, რომ მან ევროპაში ვიზიტები, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, პრეზიდენტმა ამით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.