დღეს, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი თემა ეძღვნება ექთნების, ბებიაქალებისა და უმცროსი მედპერსონალის ღვაწლს მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„გლობალურ ჯანდაცვაში მოსახლეობის ჯანმრთელობას ემსახურება დაახლობით 60 მილიონი ადამიანი და მათ შორის, განსაკუთრებულია ღვაწლია ექთნების, ბებიაქალებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის. ამიტომ მე ვსარგებლობ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. ჩვენთან ერთად, ჩემს კოლეგებთან, ექიმებთან ერთად წარმოუდგენელია ჯანმრთელობის დაცვა მოსახლეობის, თუ მათ გვერდში არ უდგანან ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მთელი პლეადა ადამიანების.
დღეს, როდესაც არის პანდემია, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს 205 ქვეყანა, მილიონ 300 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, სამწუხაროდ, ათეულ ათასი დაიღუპა, სწორედ წინა ხაზზე მედიცინის ყველა მუშაკი გახლავთ. მათ შორის განსაკუთრებულია როლი ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის. ამიტომ წელს გადავწყვიტეთ, ეს დღე აღვნიშნოთ განსხვავებულად. ვირტუალური გამოფენა იქნება – სამედიცინო პერსონალი COVID-19 ეპიდემიის წინა ხაზზე, ამ ფოტოებით და კოლაჟებით მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დგანან ამ ძალიან რთულ ბრძოლაში. ესენი არიან სწორედ ჩვენი სამედიცინო პერსონალი. ხაზს ვუსვამ ფასდაუდებელ დამსახურებას ექთნებისა და სამედიცინო პერსონალის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.