ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას უხდის. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, სხვებთან ერთად, გახარიას მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის გადაუხადა.
„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, ერთად COVID-19-ის წინააღმდეგ“, – წერს გებრეიესუსი Twitter-ზე.
ჯანმოს დირექტორმა მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისადმიც, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
Thank you, 🇬🇪 Prime Minister @GakhariaGiorgi, for sending such a wonderful message to the people of #Georgia and especially to #healthworkers on #WorldHealthDay yesterday. Together, against #COVID19! Solidarity! https://t.co/Yc8cKIVTlD
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) April 8, 2020
გიორგი გახარიამ კი გუშინდელ გზავნილში როგორც საქართველოს, ისე დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობას ჯანმრთელობა უსურვა და ჯანმრთლობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს. „მე მინდა საქართველოსა და მსოფლიოს მოსახლეობას შემართება, იმედი და ჯანმრთელობა ვუსურვო. ჩვენ დაუსრულებლად შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისადმი, ვინც გმირულად ებრძვის უხილავ მტერს“, – წერდა გახარია Twitter-ზე.