მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია – გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი

პუბლიკა

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია, – ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

„სრულიად მოულოდნელი [იყო], არც ველოდი, რომ დღეს ეს მოხდებოდა. გუშინ მომცეს ინფორმაცია, რომ 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც მართალი გითხრათ, თავს ვიკავებდი.

ჯერ ემოციებით ვარ დატვირთული, ცოტა ძნელია, რომ გითხრათ.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება. პირველ რიგში, ალბათ, ჩემს ლამაზ მეუღლეს, ბრწყინვალე შვილებს და ყველა ჩემს მეგობარს, რომლებიც თვე-ნახევრის განმავლობაში გვერდით მედგნენ. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

პირველ კომენტარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ნება მომეცით, ცოტა დავისვენო, დავწყნარდე და მერე ყველას ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით“, – ამის შესახებ კი მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.


საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. მას ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს.  ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.