„მადლობა პროკურატურას, რომ მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა" | ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ლუკა ჯაბუამ საბოლოო სიტყვაში ისაუბრა 2024 წლის 28 ნოემბერზე, აქციაზე გასვლის მიზეზებზე, ასევე გაიხსენა მისი დაკავების დღეც.

ჯაბუამ მადლობა გადაუხადა ადვოკატებს მათი პროფესიონალიზმისთვის, ასევე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და პროკურატურას იმისთვის, რომ „მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა, თან საკმაოდ ადრეულ ასაკში”.

ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა:

„დიდი მადლობა ადვოკატებს. უმაგრეს პროფესიონალებს. ასე გულით რომ დაგვიდექით გვერდით. მადლობა საზოგადოებას, რომლის გარეშეც აქამდე ასე ვერ მოვიდოდით.

მადლობა პროკურატურას, რომ ეს უნიკალური ადამიანები გამაცნო და მადლობა, რომ გამაცნო საკუთარი თავი – მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა თან საკმაოდ ადრეულ ასაკში. […]

ჩემი ამბავი გავრილოვის ღამეს დაიწყო, მაგრამ მთავარი ის არის, როდის მქონდა პირველი პროტესტი – საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულში აღმოვჩნდი. […]

ერთადერთი, რატომაც ამ სივრცეში ყოფნის აღიარების მრცხვენია [ახალგაზრდულს კითხულობს], ვისწავლე, თუ როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. საკრებულოს წევრები და არამარტო, რომელთაც გული მისდიოდათ ბებია-ბაბუების პირადობებზე და სხვა წარმომადგენლობა, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ უბანზე სამ-სამჯერ ხმების მისაცემად.

2024 წელი 28 ნოემბერი – პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის  78-ე მუხლთან, უარყოფს წინაპრების მონაპოვარს და ქართველი ხალხის ნებას. არ შემეძლო, არ გამომეხატა პროტესტი, რომელიც ჩემში გაჩნდა.

რა თქმა უნდა, პროტესტი გამოიხატებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით და არ სცდებოდა მას, იმისდა მიუხედავად, რომ ადგილზე მილიციელების მხრიდან ძალადობას, აგრესიას და შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. […]

ამ 9 თვის განმავლობაში კარგად გამოჩნდა მჩაგვრელი ხელისუფლებისა და ლოყაწითელა პოლიციელების, მილიციელების სახე. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებმაც უკარგესი ადამიანის, უკეთილესი ადამიანის – გიორგი ახობაძის გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს, მზიას პატიმრობა კი საერთო გულისტკენის მიზეზი გახდა და ახლა თქვენ განსაჯეთ, რომელი მხარეა ნათელი.

იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, როგორც აქციების პირველ დღეებში, როცა შკოდებით მითვალთვალებდნენ, ქალბატონებს არეკინებდნენ, რომ სადმე მივეტყუებინე – ტელეფონი ვიპოვეთ, რომელსაც შენი ნომერი ეწერა უკან და იქნებ წაიღოო და ასეთი სისულელეები, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი აქციაზე სიარულს და ვიცოდი, არაფერს ჩავიდენდი ისეთს, რაც მათ საფუძველს მისცემდა, რომ გავესამართლებინე.

ამისდა მიუხედავად, ეს რომ ვიცოდი, მეგობრებს ვწერდი. არც მივმალულვარ, ჯერ ერთი არაფერი დამიშავებია და რომც დამეშავებინა, არ ვაპირებდი პასუხისმგებლობას გავქცეოდი.

დაკავების ღამეს, როდესაც გარეთ გავედი, რათა ჩემი შეკვეთა ამეღო, შევნიშნე ადამიანები, რომლებიც უნიჭოდ ამოეფარნენ მანქანას და მივხვდი, რომ მეც მომაკითხეს… ხელებაწეული მივეგებე მათ. უეცრად, ორივე მრიდან 10-მდე პოლიციელი გაჩნდა, შემბოჭეს და როდესაც ვკითხე, ვინ იყვნენ და რისთვის მაკავებდნენ, მათ განმიმარტეს შემდეგი, რომ თურმე უბნებში ვიღაცები მანქანებს ტეხავდნენ და უნდა გადავემოწმებინე მე ხომ არ ვიყავი.

ვიფიქრე, რომ აქციებზე მონაწილეობის გამო ხდებოდა და რაღაც შეთითხნილი ბრალდებით დამაკავებდნენ, მაგრამ ამ ბრალს, რომლითაც გვასამართლებთ დღეს, ვერც კი წარმოვიდგენდი…

ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა და სხვათა შორის, ჩემი ბინა არ მოეწონათ. სად ცხოვრობო, რა არის ესო… შემდეგ მიპოვეს ევროკავშირის დროშა: ნწ ნწ, ეს რა გქონიაო. ამის შემდეგ იყო კითხვა – სად არის მოლოტოვიო, რაზეც ვუპასუხე, რომ არ მქონდა. მომიგეს, შენი გაუბედურება რომ მინდოდეს, ამაზე მარტივი არაფერი იქნებოდაო. მინდა მივმართო – ვაი, თქვენს პატრონს.

ტელეფონი პინკოდით გადავეცი და მითხრეს, რომ მხოლოდ კონტაქტებს შევამოწმებთო და დაიწყეს „ინსტაგრამის“ და „ფეისბუქის“ ჩატების თვალიერება. მერე შეამჩნიეს ფოტოები აქციაზე და ოო, ეს ცუდი კაცი ყოფილა; ეს იქიდან ვერ გამოვაო. აქ დასრულდა ჩხრეკა… არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია.

მანქანაში სცადეს, იქნებ რამე ვათქმევინოთო და ჰა, ბიჭო, თქვი, თორემ გაგცხებთო…. იმასაც ამბობდნენ, ხომ არ ვცემოთო და მადლობა, რომ არ მცემეს.

განყოფილებაში ერთი ცოლშვილიანი მამაკაცი იყო, რომელზეც მისი თანამშრომლები ამბობდნენ, როდესაც პენსიაზე გავა, ბარიგობისთვის დავიჭერთო. მომიჯდა გვერდით და მკითხა – ბისექსუალური ხომ არ ხარო? ვუპასუხე, რომ – არა და აშკარად ეწყინა. არა, მე ვარო და შენც ხომ არ ხარო, მაინტერესებდაო…

ერთ-ერთმა პოლიციელმა მკითხა, რაზე სწავლობო, ფსიქოლოგიაზე-მეთქი, ჩემი ორი ნათესავი სამედიცინოზე სწავლობსო და ამ ექიმებს რა გჭირთო და განვუმარტე, რომ ფსიქოლოგები ექიმები არ არიან და ეს ექიმობაზე არ არის, ეს არის განათლებასა და ადამიანზე…

…შემდეგ იყო გლდანის ციხის ხედი, შორიდან ლამაზი იყო და სიტყვები: შეხედე, ლუკა, ეს შენი სოფელია, რომ ჩაგყლაპავს, თავს ვერ დააღწევო”…

დიდი იმედი არ მაქვს, მით უმეტეს, გუშინდელი განაჩენის მერე, რომ რაიმე დადებითი შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, დიდი ხანია, ამ ინსტიტუციების ნდობა დაკარგული მაქვს. მინატრია ბევრჯერ და მისაუბრია მეგობრებთან, ნეტა, ამერიკულ ფილმებში რომაა, ასეთი იყოს სასამართლო-მეთქი…

გისურვებთ, გქონდეთ გამბედაობა იმისა, რომ … მე არ მეშინია, რომ დიდი ხანი შეიძლება გავატარო ციხეში. მე მეშინია იმის, რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, საიდანაც ამოსვლას უფრო დიდი ხანი მოუნდება და არც ის მინდა, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს მოუწიოთ ციხეში უკანონო წლების გატარება“.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

თერთმეტივე პირს 2 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს. 

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.