მადლობა სამართალდამცავებს, კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმა რბილი ძალის გამოყენებით მოიგერიეს – კალაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა „ქართული ოცნების” ოფისში. კალაძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს და აღნიშნა, რომ მათ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

„პირველ რიგში, მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

მეგობრებო, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ ჩვენ, ყველას ერთი სამშობლო გვაქვს. არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას და არც ის არ არის სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის ის სურათი, რომლის ხილვაც სურთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს პოლიტიკური პოზიცია. ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს გამოხატა თავისი პოლიტიკური არჩევანი; მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, მთავრობას „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს.” – განაცხადა კალაძემ.

გუშინ პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი. პოლიციის მტკიცებით, საფრთხე მყისიერი იყო და ამიტომ საჭირო გახდა წლის ჭავლის გამოყენება. წყლის ჭავლის გამოყენების გამო აქციაზე 30-მდე პირი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.