მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ვინც არ უშვებს კორონავირუსს საქართველოში – ქანთარია მინისტრს

პუბლიკა

„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია. თუ ჩვენ  მოვახერხებთ, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

– „კიდევ მეორე ვირუსია ჩვენთან, რომელიც  პარლამენტის კართან დგას.  ეს ნაციონალური ვირუსია, მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადასდებოდა, გადაედო და  მე მგონი, თქვენი და სხვა სფეროების წარმატებული საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმას, რომ ეს არეალი დაპატარავდეს“, – განაცხადა პარლამენტში მინისტრის საათზე ქანთარიამ.

კორონავირუსი ჩინეთში გავრცელდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტი იმყოფება განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ.