„მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქი ილია II კორონავირუსის პანდემიას წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი წერს, რომ ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებითა და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია.
„ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვითა და რეკომენდებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას. აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები“, – მიმართა მრევლს პატრიარქმა ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისტოლეში წერს, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა. თუმცა, არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს.
„რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს, რომ არ განვცადოთ უფალი; ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მით უმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია“, – წერს ილია II ეპისტოლეში.