პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ სოლიდარულია გუშინდელი პროტესტის მიმართ, რომელიც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.
„აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის, რაც გუშინ გაიმართა…. რუსებს მიაჩნდათ და დღემდე მიაჩნიათ, მათ შორის როგორც ჩანს, პოზნერსაც, რომ შეიძლება, ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ აკადრო, დააბრალო ნებისმიერი რამ, მაგალითად, ომის დაწყება. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკებია გაჩერებული გზაზე და თბილისამდე ვერ შემოვიდნენ. ამის შემდეგ „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ, გემრიელად მოილხინო.
ძალიან კარგი, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა. ის არ არის ჩვეულებრივი რიგით რუსი. ეს არის ძალიან გავლენიანი ადამიანი რუსეთში. ასეთ ადამიანებს არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას, რომ თან შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს სახელმწიფოს და თან ვითომც არაფერი, ჩამოვიდნენ“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი იმ რესტორანთან მივიდნენ, სადაც ტელეწამყვანი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელის“ დატოვება. მოგვიანებით აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმირ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და ქვეყანა გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა, ასევე, სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.