მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანდიდატებს - კობახიძე

პუბლიკა

„მე მადლობას გადავუხდი სახელების დასახელების გარეშე იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელბმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზეც აირჩევენ კანდიდატებს.

კობახიძის შეფასებით, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დანარჩენმა წევრებმა „ლიბერალური ფაშიზმის მეთოდების გამოყენებით ხელყვეს თავისუფალი მანდატის პრინციპი“.

16 მაისს პარლამენტში 90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ამ წევრებმა ფრაქციის დატოვების შესახებ განაცხადეს.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეფასებით, ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს.