მადლობას ვუხდით საქართველოს ჯანდაცვის უწყებებს – „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ განცხადება

პუბლიკა

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყებების მუშაობაზე განცხადებას ავრცელებს და განსაკუთრებულ მადლობა უხდის  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს: ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს და ყველა თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით დაავადების გავრცელების პრევენციის ურთულესი პროცესი კოორდინირებულად მიმდინარეობს.

ფონდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ახალი ვირუსის Covid-19-ის გამოვლენის მოწმენი გავხდით, რომელმაც ბოლო ათწლეულებში მსოფლიოსთვის დაავადების მოულოდნელი  აფეთქება გამოიწვია. 26 თებერვალს დადასტურებული პირველი შემთხვევის შემდეგ ამ გამოწვევის წინაშე საქართველოც დადგა.

ჯერ კიდევ იანვრის თვიდან, საქართველოს დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრი ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა დაავადების ადრეულ ეტაპზე ამოცნობის, ინფიცირების პოტენციური შემთხვევების იზოლაციისა და საკარანტინო ზონების შესაქმნელად. ეფექტურად მუშაობს საგანგებოდ შექმნილი ვებგვერდი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდი, რომელიც უწყვეტად განახლებად და სარწმუნო ინფორმაციას აწვდის საქართველოს მოსახლეობას ვირუსისგან თავდაცვისა და დაავადების გავრცელების დინამიკის შესახებ.

განსაკუთრებულ  მადლიერებას გამოვხატავთ ექიმების, ექთნების,  მთელი სამედიცინო პერსონალის და მესაზღვრეების მიმართ, რომლებიც უდიდესი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით ეკიდებიან  დაავადების გამოვლენას, პაციენტების მკურნალობასა და მათზე ზრუნვას.

მადლობას ვუხდით საქართველოს ჯანდაცვის უწყებებს, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს და ყველა თანამშრომელს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით დაავადების გავრცელების პრევენციის ურთულესი პროცესი კოორდინირებულად მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ მათმა საქმიანობამ საერთაშორისო აღიარება და დადებითი შეფასება მიიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგანაც.[1]

ამ მეტად კრიზისულ ეტაპზე ფასდაუდებელი აღმოჩნდა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის როლი, რომელიც რამდენიმე საათში ადგენს ინფიცირების შემთხვევებს. ოპერატიულობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჩვენი მოსახლეობის დასაცავად.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს, გაუფრთხილდებიან საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების ყოველი ახალი შემთხვევა და მისით გამოწვეული შედეგები“.