„მადლობელი ვართ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მან პარლამენტის ტრიბუნიდან გამოხატა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კასიანოვი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში.
ამასთან დაკავშირებით ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის საელჩოში გაიმართა. კომენტარს საელჩოს თარჯიმანი პირდაპირ ეთერში თარგმნიდა.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში [პრეზიდენტის] გამოსვლის რეაქციებს პოლიტიკურ ჭრილში და საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“, – დასძინა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
გუშინ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა გაიმართა. ის დარბაზში ანდრეი კასიანოვთან ერთად შევიდა. ამ ფაქტს მამუკა მდინარაძემ უხერხული უწოდა და ინსტიტუტის უპატივცემლობად შეაფასა.
ზურაბიშვილმა ტრიბუნიდან უკრაინას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და მოხსენება უკრაინის ჰიმნის პარალელურად დაიწყო. სასესიო დარბაზში ეკრანზე აჩვენებდნენ უკრაინაში რუსეთის ომის კადრებს.