მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება | რას უნდა ველოდოთ 2022 წლის სამიტიდან

პუბლიკა

მადრიდში NATO-ს 2022 წლის სამიტი იწყება. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და NATO-ს პარტნიორები ესპანეთის დედაქალაქში 28 ივნისს შეიკრიბნენ. 29-30 ივნისს კი სამიტის ძირითადი ნაწილი წარიმართება.

მადრიდის სამიტზე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, ის გუშინ ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამსაც დაესწრო და აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ხელი ჩამოართვა.

„მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს“, – წერს ღარიბაშვილი.

ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.

შვედეთი და ფინეთი NATO-ში

ერთ-ერთი წამყვანი თემა სამიტისთვის, სავარაუდოდ, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრება იქნება. სამიტის დაწყებამდე სკანდინავიის ქვეყნების ლიდერები თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სწორედ თურქეთი იყო მათი ალიანსში გაწევრების მთავარი და სავარაუდოდ, ერთადერთი მოწინააღმდეგე.

საბოლოოდ, ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენელთა შეხვედრა წარმატებით დასრულდა და თურქეთი მათ წევრობას აღარ დაბლოკავს.

თურქეთის დათანხმების შემდეგ შესაძლოა, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრების პროცედურები უკვე ამ სამიტზე დაიწყოს. თუმცა, როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, ალიანსში საბოლოოდ გაწევრებამდე ანკარას ვეტოს დადების შესაძლებლობა ჯერ კიდევ ექნება.

უკრაინის მხარდაჭერა

რიკარდ იოზვიაკი ასევე წერს, რომ სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი კვლავინდებურად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის წამოწყებული ომი იქნება. ალიანსის წევრები უკრაინისადმი კონკრეტული სამხედრო დახმარების შესახებ იმსჯელებენ, რომელსაც „ახალ ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს“ უწოდებენ.

თუმცა, მოსალოდნელია, რომ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შემდეგ, ალიანსის ცალკეული წევრები NATO-ს საერთო მხარდაჭერის მიღმა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებასაც აღუთქვამენ.

„დახურულ კარს მიღმა დისკუსია წარიმართება იმის შესახებ, რა სახის დახმარება უნდა აღმოუჩინონ უკრაინას და რამდენ ხანს. NATO-ს პოზიცია ამჟამად იმგვარია, რომ ყველა მათგანი უნდა მოემზადოს ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის და უკრაინის მხარდაჭერა მათი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა. თუმცა, რამდენადაც ომის ინტენსივობა იკლებს და დასავლელ ამომრჩეველთა შორის უკრაინისადმი სიმპათიაც მცირდება, ეს პოზიცია მოგვიანებით შეიძლება გადაიხედოს“, – წერს იოზვიაკი.

აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება

ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის დაწყებამდე უკვე ისაუბრა. მისი თქმით, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობა 40 000 ჯარისკაციდან 300 000-მდე გაიზრდება.

მოსალოდნელია, რომ ალიანსის შიგნით განხილვებისას დიდი დრო დაეთმობა აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას. რუსეთმა ბოლო დროს ლიეტუვის მიმართ მუქარა დაიწყო კალინინგრადში ტვირთის არგატარების შემდეგ, ესტონეთის საჰაერო სივრცე კი რუსულმა ავიაციამ რამდენჯერმე დაარღვია.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათი ქვეყანა პატარაა და NATO-ს ძალების ახლანდელი წარმომადგენლობა ესტონეთის დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ, როგორც იოზვიაკი წერს, მოსალოდნელია, რომ სამიტზე იმსჯელებენ, როგორ გაზარდონ აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისუნარიანობა.

NATO-ს სტრატეგიის ახალი კონცეფცია

ასევე მოსალოდნელია, რომ მადრიდის სამიტზე მთლიანად შეიცვლება 2010 წელს ლისაბონის სამიტზე მიღებული კონცეფცია, რომელიც რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად ასახელებდა, ჩინეთი კი მასში ნახსენები საერთოდ არ იყო.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსის პოზიცია ახლა რადიკალურად შეიცვალა, სავარაუდოდ, კონცეფციაში ჩაიწერება, რომ რუსეთი არის NATO-ს პირდაპირი და ყველაზე დიდი საფრთხე.

კონცეფციაში შესაძლოა, გაჩნდეს ჩანაწერი ჩინეთის შესახებაც, რომელიც პირდაპირ საფრთხედ არ იქნება მოხსენიებული, მაგრამ გაკეთდება ჩანაწერი, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება და გამოწვევებს უქმნის ალიანსის ღირებულებებს, ინტერესებსა და უსაფრთხოებას.