მადურომ უმაღლეს სასამართლოს არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა | ვენესუელაში პროტესტი გრძელდება

პუბლიკა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს, საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.

მადურომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია და ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო მთავრობის გავლენის ქვეშაა და, შესაბამისად, შედეგების განხილვა და აუდიტი დამოუკიდებლად ვერ მოხდება.

ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია – „კარტერის ცენტრი” აკვირდებოდა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები „არ შეესაბამება საარჩევნო ხელშეუხებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად“.

„საარჩევნო ორგანოს მიერ ცალსახა შედეგების გამოუქვეყნებლობა წარმოადგენს „სერიოზულ დარღვევას”, – აღნიშნავს „კარტერის ცენტრი”.

ვენესუელას არაერთმა ქვეყანამ მოუწოდა ხმების დათვლის პროცესის გასაჯაროებისკენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპული ბლოკი ვერ ცნობს ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მანამდე, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება და არ იქნება წარმოდგენილი ჩანაწერები, ხმების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.

ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც არჩევნების შედეგები არ გამოქვეყნდა, საარჩევნო ვებსაიტის „დაჰაკვა“ იყო. მისი განცხადებით, აქვს „მტკიცებულება”, რომ დემონსტრაციებისა და „ძალადობის“ უკან ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო დგას და მომიტინგეები კონსტიტუციას „თავს ესხმიან“.


პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება მრავალათასიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ხელმძღვანელის, ალფრედო რომეროს ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 11 დემონსტრანტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ხელისუფლება კი ერთი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება. მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

საპროტესტო აქციების მონაწილეები გაყალბებულად მიიჩნევენ 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, რომლის თანახმად, გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო.

მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს