განათლების სამინისტროში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებზე დღეს ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე ითქვა, რომ მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდა ზაფხულში ჩააბარონ. სამინისტროს ცნობით, 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.
გამოცდა 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, გამომცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც შეიმუშავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემოდგომაზე ჩაატარებს.