BMG-ის ინფორმაციით, 5-წლიანი შრომითი დავა BMG-ისა და „მაესტროს“ შორის დასრულდა. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რაც „სტუდია მაესტრომ” უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრა, უზენაესმა სასამართლომ კი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
„საქმე ეხება BMG-ის 27 თანამშრომლის სარჩელს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს” მენეჯმენტმა სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაუშვა. დასაქმებულებმა დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა“, – აცხადებს BMG
კომპანიის ინფორმაციით, სასამართლომ ბათილად ცნო შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის სახით ერთი წლის სრული ხელფასის, სახელფასო დავალიანების და ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს.