მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ - ბრეგაძე ანი წითლიძეს

პუბლიკა

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის საათის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საპროტესტო ბანერები გაშალეს, რომელზეც ეწერა „ნუ კლავთ“. ამით მათ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იუსტიციის სამინისტროს ნაბიჯები გააპროტესტეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების პერფომანსს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. კოლეგებს უმრავლესობის დეპუტატებმა შეძახილებით უპასუხეს, მათ შორის ტრიბუნიდან რეპლიკებს ამბობდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. მათ პარლამენტის თავმჯდომარემ წესრიგის დაცვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე, რომელმაც გუშინ შიმშილობა გამოაცხადა, დარბაზიდან გასვლამდე იუსტიციის მინისტრს ტრიბუნასთან მიუახლოვდა და მიმართა, რომ პასუხს აგებს.

„აუ, ძაან შემაშინე, ვკანკალებ. უზრდელი ხარ ქალბატონო, მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“, – მიმართა მან ანი წითლიძეს.

დეპუტატების დარბაზიდან გასვლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრის საათის პროცედურა გააგრძელა.