საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თეა წულუკიანმა 19 მარტს შალვა რამიშვილთან „პოსტ ტვ-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრობის პერიოდსა და კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შალვა რამიშვილმა წულუკიანს კითხვა დაუსვა იმ ადამიანებზე, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიას გამოხატავენ.
-
„კულტურის სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც არ მალავენ სიმპატიას ამ პარტიისადმი [ენმ], ღიად გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან. მკაფიოდ არტიკულირებენ ამ პოზიციებს, სახელი და გვარების დასახელება არ მინდა. მე არცერთ ამ პოზიციას არ ვეთანხმები, თუმცა წლების განმავლობაში მუშაობენ იმ სტრუქტურებში, რომლებსაც სახელწიფო აფინანსებს. როგორი იქნება თქვენი მიდგომა მათდამი ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა.
თეა წულუკიანმა კითხვაზე პასუხის გაცემა იუსტიციის სამინისტროში მისი საქმიანობის პერიოდზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლდნენ კადრები, რომლებიც „იყვნენ ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები. ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები“, – განაცხადა წულუკიანმა.
„წეღან თქვენ მკითხეთ – არის თუ არა ეს ორი სისტემა ერთი და იგივეო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და არ არის ერთი და იგივე. თქვენ თუ ფაქტებს ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო, იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ.
ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს. ეს პატარა ჯგუფი იყო იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით. მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე 8 წელი ვიმუშავე“ – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, რაც შეეხება კულტურის სფეროს. ეს სისტემა განსხვავებულია და თუ, მაგალითად, თეატრში მსახიობი თავის აზრს გამოთქვამს, ის შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის მისი განსხვავებული აზრი.
„რაც შეეხება ამ სისტემას ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“, – განცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, თუ დასაქმებულის განსხვავებული მოსაზრებები ორგანიზაციის საქმიანობას ხელს არ უშლის, მაშინ ის პრობლემას ვერ ხედავს.
„მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი… ამიტომ ეს მე არ მეჩვენება ერთი და იმავე სისტემად“, – განაცხადა წულუკიანმა.