ტელეწამყვანი და ყოფილი დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ბრუნდება. 13 წლის შემდეგ ანიკაშვილი არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუს გაუძღვება. ამ ინფორმაციას ანიკაშვილი „პუბლიკასთან“ ადასტურებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„გიდასტურებთ. უბრალოდ, ფორმატზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, ახლა მიმდინარეობს ჩამოყალიბება. ალბათ, ახლო მომავალში შეიტყობს საზოგადოება თვითონ არხიდან. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ, უბრალოდ, ფორმატზე ვერ გეტყვით“, – უთხრა ანიკაშვილმა „პუბლიკას“.
მაგდა ანიკაშვილი 2003-2004 წლებში ტელეკომპანია „მეცხე არხის“, 2005 წლიდან კი „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის წამყვანად მუშაობდა; 2006 წლიდან 2008 წლამდე „იმედში“ ქრონიკისა და „ღია ეთერის“ წამყვანი იყო.
მაგდა ანიკაშვილმა ტელეკომპანია 2008 წელს დატოვა და გიორგი თარგამაძის „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიული სიით საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.
საპარლამენტო საქმიანობის დასრულების შემდეგ ანიკაშვილი ისევ მედიას დაუბრუნდა და 2014 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერისა და წამყვანის პოსტი ეკავა, 2015 წლიდან 2019 წლამდე ის „მაესტროზე“ საზოგადოებრივ- პოლიტიკური ტოქშოუების მთავარი რედაქტორი და ტოქშოუ „მაესტროს ფაქტორის“ წამყვანი იყო.
ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ ანიკაშვილი 2019 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსად დაინიშნა.