მაღალაშვილის ქუჩაზე გამოსახლება მიმდინარეობს, გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია

პუბლიკა

თბილისში, მაღალაშვილის ქუჩაზე მცხოვრები კაცი, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს დღეს ბინიდან უნდა გაესახლებინა, ირწმუნებოდა, რომ სახლი დანაღმული ჰქონდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

პრესსამსახურის ხელმძღვანელის, პაატა შამუგიას ცნობით, ბინაში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და არანაირი საფრთხე არ არსებობს. მისივე თქმით, ადგილზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან და ბინაში მყოფ პირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შამუგიას ინფორმაციით, გასახლების პროცესი უკვე 3 წელია, მიმდინარეობს და უწყება ცდილობს მხარეებთან მოლაპარაკებას, მათ მოსარიგებლად და შესათანხმებლად, თუმცა ამ დრომდე მხარეებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

„არანაირი ნაღმი არც ბინაში და არც ადამიანს სხეულზე არ აქვს, თუმცა ვინაიდან ამის შესახებ თავდაპირველად ამბობდა მოვალე მხარე, ვალდებულები ვიყავით შეგვეტყობინებინა 112-სთვის. დროულად მოვიდნენ, გადაამოწმეს და არანაირი საფრთხე არც კორპუსში და არც ბინაში არ არსებობს.

რაც შეეხება გამოსახლებას, ამ ეტაპისთვის პროცესი, ჯერჯერობით, მიმდინარეობს. ვცდილობთ მოლაპარაკებას მხარეებთან. ჩვენ არ გვაქვს სხვა სამართლებრივი საფუძველი გამოსახლების გადადების, ვინაიდან ეს პროცესი უკვე 3 წელია მიმდინარეობს და რამდენჯერმე გადაიდო. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს მოვალესთან, შესაძლოა, გარკვეული ვადა კიდევ მიეცეს დამატებით მას, თუმცა, როგორც გითხარით, აქამდე 3 წელია მიმდინარეობს პროცესი. თუკი ვერ მოხერხდება კიდევ ერთხელ მოლაპარაკება, ცხადია, გამოსახლების პროცესი გაგრძელდება.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებას მიმართავს სასამართლოს მიერ გამოცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. ის დავა, რომელიც მხარეებს შორის მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ არის აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციაში შემავალი ნაწილი. ჩვენ ვემორჩილებით იმას, რაც უკვე დაადგინა სასამართლომ“, – ამბობს პაატა შამუგია.