საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რა ვალზეა საუბარი.
„ჩვენ მას ავუხსნით, მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა ვალზეა საუბარი, როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები და საერთოდ როგორ მართავს მთავრობა მთელს ამ პროცესს.
ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით.
ზედმეტი დრამატიზება და ჩვენი მოსახლეობის დაძაბვა საჭირო არ არის, პრეზიდენტს თავისი აზრი აქვს, მას შესაძლოა, განსხვავებული აზრი გააჩნდეს. ეს მისი უფლებაა, ჩვენ ასე ვხედავთ, სააკაშვილი სხვანაირად ხედავს და თქვენ სხვანაირად ხედავთ. სამი დღეა, მოსახლეობას ვასმენინებთ რაღაც უაზრო განმარტებებს, აღარ არის საჭირო. ხალხმა გაიგო, რომ ეს არის სესხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარი ხელისუფლების მხრიდან გაუგებარი ნაბიჯი იყო და ნაკლებად ლოგიკურია არგუმენტი, რომ თითქოს ხელისუფლებამ საგარეო ვალის შემცირება გადაწყვიტა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.