მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სია

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნონ დარღვევებს და დაინახონ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.

TI წერს, რომ ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად მიიჩნევა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული „პოლიტიკურად აქტიური პირი.“ საერთაშორისო კარგი პრაქტიკისა და OECD/ACN-ის მონიტორინგის სახელმძღვანელოს შესაბამისად, ამ განმარტებას დაემატა ყველა დონის პროკურორი (მათ შორის საპროკურორო საბჭოს წევრები), სახელმწიფო რწმუნებულები და მათი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

ამასთან, იმისთვის, რომ კორუფციული შემთხვევების გავრცელების მასშტაბი მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დონეზეც ავსახოთ, ამ სიის მიზნებისთვის „მაღალი რანგის თანამდებობის პირად“ ასევე მიიჩნევიან მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები.

წინამდებარე სიაში შესულია სავარაუდო კორუფციის ის შემთხვევები:

  1. რომლებშიც ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები,
  2. სადაც გამოკვეთილია ქმედება, რომელიც შეიცავს კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,
  3. რომელთა შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების გარეშე, აღძრავს დასაბუთებად ეჭვს კორუფციული დარღვევის არსებობის შესახებ.

თუ ფიქრობთ, რომ ამ ჩამონათვალში რომელიმე საქმე უნდა დაემატოს, დაუკავშირდით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”.

TI-ის სიაში შესულია 164 საქმე და ფიგურირებს მაღალი თანამდებობის 169 პირი. მათგან 13 მოსამართლეა, 30 – პარლამენტის წევრი, 29 – მთავრობის წევრი ან მისი მოადგილე, 56 – მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი. 

ბოლოს დამატებულია შემდეგი საქმეები:

  • დეპუტატ კონცელიძესთან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესი და ინტერესთა კონფლიქტი

პარლამენტის წევრ რესან კონცელიძის საკანონმდებლო ინიციატივა ბათუმში სამშენებლო ამნისტიის შესახებ შეიცავს ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს, რადგან კონცელიძის ძმისშვილები ვახტანგ და გოჩა კონცელიძეები უშუალოდ არიან ჩართულნი სამშენებლო ბიზნესში ბათუმში. კონცელიძის კიდევ ერთი ძმისშვილი – არჩილ კონცელიძე, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსია და ბათუმში მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა ევალება.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 22.12.2023

  • 335 მილიონის კონტრაქტები მმართველი პარტიის მსხვილ დონორს

ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას მხოლოდ 3-მა კომპანიამ 2011-2023 წლებში 335 638 719 ლარი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. გარდა ამისა, მან სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო.

ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ჭყონიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, ალა კახნიაური, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა და დღესაც მისი რამდენიმე კომპანიის მმართველ რგოლშია.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 12.12.2023

  • ექსპრემიერ მამუკა ბახტაძის უძრავი ქონება

საგამოძიებო სიუჟეტის მიხედვით, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ძმა მცხეთაში ხუთსართულიან საცხოვრებელ რეზიდენციას აშენებს, რომლის რეალური მფლობელი თავად ექს-პრემიერია. ყოფილი პრემიერის ძმამ ისტორიულ ქალაქ მცხეთაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 610 და 199 კვ.მ მიწის ნაკვეთები 2016 წელს დაიკანონა. შემდეგ კი, სახელმწიფოსგან 35 წლის ვადით იჯარით მიიღო მომიჯნავე 1590 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მშენებარე სასახლის ეზოს ფუნქციას შეასრულებს. კითხვებს ბადებს როგორც თავად მიწების დაკანონების პროცესი და იჯარით გადაცემა, ასევე მშენებლობისთვის საჭირო სახსრები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით პრემიერის ძმას არ უნდა ჰქონოდა.

ჟურნალისტური გამოძიება ასევე აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის წევრად გახდომამდე მამუკა ბახტაძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მისი ქონება აუქციონზე გასაყიდად იყო გატანილი და საცხოვრებლიდან ასახლებდნენ.

წყარო: ტვ პირველი – 09.12.2023

  • ადიგენის მერის წარმომადგენლის ოჯახის 2 მილიონამდე ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გიორგი ენდელაძის ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1 905 649 ლარი მიიღეს. აქედან 896 271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 07.12.2023

  • კორუფცია თავდაცვის სამინისტროში

საგამოძიებო სიუჟეტი თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციულ შემთხვევებს ააშკარავებს. როგორც ირკვევა, ჯარი ვადაგასული პროდუქტებით იკვებება, დაბალი ხარისხის ტანსაცმლითა და თეთრეულით მარაგდება. საჯარო მოხელეები, რომლებმაც უარყოფითი დასკვნები დაწერეს საკვებისა და ტექსტილის ხარისხზე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მამხილებლების განცხადებით, ამ კორუფციულ პროცესში უშუალოდ ჩართულნი არიან მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მოადგილე ზურაბ აზარაშვილი (ამჟამად ჯანდაცვის მინისტრი). გარდა ამისა, კითხვებს ბადებს მშენებლობების ხარისხი. ამ პროცესში იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნებიც, რადგან სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და შესყიდვების სამსახურებში ბურჭულაძის ბიძაშვილის ოჯახის წევრები არიან დასაქმებულნი.

წყარო: ტვ პირველი – 02.12.2023

  • იმერეთში წიაღის მომპოვებელი კომპანიების პოლიტიკური შეწირულებები და მოგებული ტენდერები

იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ და ამასთან მმართველი პარტიის შემწირველები არიან. ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2 485 931 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს. წიაღის მოპოვების ლიცენზიის მქონე 26 კომპანიამ ჯამში 757 566 585 ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო.

ვანის საკრებულოს წევრმა მმართველი პარტიიდან 2019-2021 წლებში სახელმწიფოსგან 26 226 116 ლარის ოდენობის კონტრაქტები მიიღო. პაიკიძის შვილის ნათლია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – 22.11.2023; რადიო თავისუფლება – 27.06.2020.

  • თავდაცვის მინისტრის შვილის მიწები კახეთში

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის 21 წლის ვაჟმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა კახეთში მიწის ნაკვეთები საეჭვო გარემოებებში დაირეგისტრირეს. კერძოდ, მიწები, რომელთა დაკანონებაზე საჯარო რეესტრმა ფიზიკურ პირებს ჯერ უარი უთხრა, შემდეგ ერთი და იგივე მოწმეების დახმარებით დაიკანონეს. დაკანონებიდან მეორე დღეს კი დავით ბურჭულაძის და მისი ბიზნეს-პარტნიორის საკუთრება გახდა. ამ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, სასტუმრო უნდა აშენდეს. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 1.5 მლნ ლარი დახარჯა ამ ნაკვეთებამდე გზისა და კომუნიკაციების მიყვანისთვის.

მინისტრის შვილის კიდევ ერთი ბიზნესია რუსული აბანოები, რომელთან მისასვლელი გზა ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

წყარო: ტვ პირველი – 18.11.2023

  • პოლიციის მაღალჩინოსნის ძმის ბიზნესი მდინარე კინტრიშზე

ლიცენზიის გარეშე, პრემიერის განკარგულების საფუძველზე, მდინარე კინტრშიზე ინერტული მასალის მოპოვების შედეგად მდინარის კალაპოტი შეიცვალა, რამაც ადგილობრივების პრობლემები შეუქმნა. მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს შპს მაინინგ გრუპი, რომლის დირექტორი გურამ თამაზაშვილი, ქ. თბილისის პოლიციის უფროს სულხან თამაზაშვილის ძმაა. გარემოს დამცველი აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ იმაზე მეტი მასალის მოპოვება ხდება, ვიდრე ამას განკარგულება ითვალისწინებს, ხოლო კომპანიას, მისი დირექტორის კავშირების გამო, პასუხს არავინ სთხოვს.

წყარო: შაბათის ფორმულა – 18.11.2023

  • დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოცვის ბიზნესი

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა სამეგრელოში მოცვის პლანტაციებს მესამე პირების საშუალებით ფლობს. 55 000 კვ.მ პლანტაცია ოფიციალურად ზარქუას სახელზე არ არის გაფორმებული, თუმცა, 19 000 კვ.მ მიწა მის დედას, ხოლო დანარჩენი ბიძას, ბიცოლას, ბიძაშვილებისა და სხვა ახლობლების სახელზეა. ადგილობრივების თქმით, პლანტაციები დეპუტატს ეკუთვნის.

წყარო: შაბათის ფორმულა – 18.11.2023

  • კონტრაბანდული სიგარეტის ნაკვალევზე

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის სქემა. სტატია ასევე აჩვენებს კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქში, გაყიდვის შემთხვევებსაც. რამდენიმე მამხილებლის, მათ შორის ყოფილი პოლიციელების, განცხადებით კონტრაბანდული საქონლის ბიზნესს გავლენიანი თანამდებობის პირები მფარველობენ.

წყარო: რადიო თავისუფლება – 31.10.2023.

  • პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის ქონება

ბაკურიანში ირაკლი ღარიბაშვილის სახლის მიმდებარედ 930 კვ.მ მიწა პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, მაია პაპიაშვილმა, 150 000 დოლარად იყიდა. ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ტერიტორიაზე პრემიერის დაცვა პატრულირებს და გადაადგილებას კრძალავს. ჩნდება ეჭვი, რომ ტერიტორია უკანონოდ პრემიერის ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაშია.

პრემიერის სიდედრმა თბილისში მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება ნაღდი ანგარიშსწორებით, სესხის გარეშე  2018 წელსაც შეიძინა.

წყარო: ტვ პირველი – 30.09.2023

  • საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის დაუდეკლარირებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია სახელმწიფო კომპანია სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის, დაუდეკლარირებელი ქონება: ფეშენებელური ვილა, ძვირადღირებული მანქანა და მეუღლის ბრენდული აქსესუარები. კითხვებს აჩენს ამ ქონების შესაძენად საჭირო თანხების წარმომავლობაც, რადგან ფერაძის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლებით გაცილებით ნაკლებია.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, დავით ფერაძემ მისი ახლო მეგობარი და ოჯახის წევრების ბიზნესპარტნიორები დანიშნა საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე.

წყარო: სტუდია მონიტორი – 30.09.202301.11.2023; OCCRP – 29.09.2023.

  • გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილეების დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ქონება. შოთაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია თბილისში ბინის რემონტისა და მოწყობისთვის გაღებული ხარჯები, რომლებიც ბევრად აღემატება მის ოფიციალურ შემოსავალს. გარდა ამისა, წავკისში, შოთაძის მეუღლის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობისთვის გაცემული ნებართვით დგინდება, რომ გენერალური პროკურორი ძვირადღირებულ კერძო სახლის აშენებას აპირებს.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე დაითვალეს გენერალური პროკურორის მოადგილეების გიორგი გაბიტაშვილისა და გიორგი ბადაშვილის ქონებები, რომელთა ღირებულება ასევე სცდება მათ ოფიციალურ ანაზღაურებას.

წყარო: მთავარი არხი – 15.05.2021; ტვ პირველი – 27.11.2021.