აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ იმის გამოა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად მეტ ტესტს ატარებენ.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა ისაა, რომ ჩვენი ტესტირება ბევრად უკეთესია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. სხვა ქვეყნები ძალიან ჩამოგვრჩებიან ტესტებში და შესაბამისად, აღრიცხავენ ბევრად ნაკლებ შემთხვევას!“- წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონს 27 აპრილს გადააჭარბა. ამ დროისთვის აშშ-ში 1 035 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 59 200-ზე მეტი გარდაიცვალა, 142 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
დონალდ ტრამპმა გუშინ მედიასთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ შტატებში მალე, „ძალიან ახლო მომავალში“, ყოველდღიურად 5 მილიონ ტესტს ჩაატარებენ. ეს, ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ტესტირების ის დღიური ნორმაა, რაც ქვეყანაში კარანტინის მოხსნას სჭირდება, თუმცა, ერთ-ერთი ამერიული ორგანიზაციის მონაცემებით, რომელიც ჩატარებულ ტესტებს ითვლის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 5 700 000 ტესტია ჩატარებული, ერთ დღეში ყველაზე დიდი რაოდენობა კი 22 აპრილს ჩაატარეს, დაახლოებით – 314 000.