მაღალი რისკის ზონებიდან შემოსული მგზავრებისთვის საზღვარზე ნახევრადთერმულ კარვები დაიდგა

პუბლიკა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა  და სამივე  აეროპორტში,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონაცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე,  ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება  და  პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება  ადგილზე მყოფ  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს”, – აცხადებს შსს.