მაღალი სიცხის გამო ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს – Naec

პუბლიკა

გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, ერთიან ეროვნული გამოცდებზე მაღალი სიცხის გამო ორი აბიტურიენტი არ დაუშვეს.

NAEC-ის განცხადებით, გამოცდაზე აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი გამოცხადდა. „ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020“ დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი.

ასევე ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს (ცელსიუსით) მიაღწევს, ჩაირთვება კონდიციონერი – ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება.