მაღალია კალიების გავრცელება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში – მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოში კალიების გავრცელების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ სამუშაოებს მიმართავს კალიების წინააღმდეგ და უკვე 38 000 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

„გვაქვს მაღალი გავრცელება კალიების, ამას ხელი შეუწყო კლიმატმა, რომელიც ხელსაყრელია კალიებისთვის. ამჟამად ღონისძიებები ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე – თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე.

საამისოდ ვიყავით მზად. მობილიზებულია სამინისტროს ტექნიკა და ადამიანური რესური. 2 თვის წინ დაიწყო ღონისძიებები და აქტიურ ფაზაშია. დამუშავებულია 38 000 ჰექტრამდე ფართობი. ეს არის კალიების ის სახეობა, რომელიც ენდემურია და ოდითგანვე გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მათი გავრცელება არის ფართო გასული წლებისგან განსხვავებით,“ – ამბობს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

ის ასევე ამბობს, რომ ღონისძიებების შედეგად აცილებულია ძალიან დიდი ეკონომიკური დანაკარგი, რომელიც შეიძლებოდა, კალიებმა მიეყენებინათ სოფლის მეურნეობისა და მწვანე საფარისთვის. როგორც ნიკა მესხი ამბობს, კალიების წინააღმდეგ სამუშაოები კიდევ 1 თვე გაგრძელდება.