მაღალშემოსავლიან მოქალაქეებს ერთი წლით გადასახადები გაეზარდოთ - ჟორჟოლიანის ინიციატივა

პუბლიკა

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომელიც შემოსავლებდაკარგული ადამიანების გადასარჩენად, აუცილებელი ფინანსების მობილიზებას გულისხმობს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი წინადადება ითვალისწინებს შემდეგს – შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანები განახორციელებენ შემდეგ შენატანებს: 3 ათასი ლარიდან-დან 6 ათას ლარამდე შემოსავლის 20%-ს, 6 ათასი ლარიდან 8 ათასამდე – 30%-ს, ხოლო 8000 ლარის ზემოთ – 40%-ს. ეს გადასახადი შემოღებულ უნდა იქნას დროებით  – 1 წლის ვადით მთავრობის მიერ“. – ამბობს ჟორჟოლიანი.

მისივე განცხადებით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ სოლიდარულ აქციას მხარს დაუჭერს.

„ჩვენი წინადადება უზრუნველყოფს სერიოზული თანხების მობილიზებას, წელიწადში დაახლოებით 700-800 მილიონი ლარის ოდენობით”, – ამბობს დეპუტატი.

„მთავრობა ამ დრომდე ეფექტურად და კომპეტენტურად მოქმედებდა, დადგა დრო უფრო თამამი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმისა“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.