მაღაროელები მოითხოვენ, შპს „მაღაროელის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვოს

პუბლიკა

ჭიათურელი მაღაროელები მოითხოვენ, შპს „მაღაროელის“ დირექტორმა, ანდრიი ბარაბახმა თანამდებობა დატოვოს.

საუბარია, უკრაინის მოქალაქე ანდრიი ბარაბახზე, რომელიც 2023 წლის 1-ელ ივნისს, შპს „მაღაროელის“ დირექტორად დაინიშნა.

მაღაროელები ამბობენ, რომ თუკი ხვალ დილამდე დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს, ჭიათურაში პროტესტი განახლდება და შპს „მაღაროელი” მუშაობას შეაჩერებს. მათი თქმით, პრობლემების მოგვარებისა და შეთანხმების შესრულების ნაცვლად, დირექტორი მათ ატყუებს.

„ივნისის აქცია დამთავრდა, 3 თვის ვადა აიღეს, მაგრამ უკვე მეექვსე თვე იწურება და პრობლემები უფრო იმატებს და ახალ-ახალი იბადება. ძველი არ მოგვარებულა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ დარკვეთის მაღაროსთან დაკავშირებით იყო პრობლემა. შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ ბარაბახმა მეორე დღესვე მოიტყუა, რომ თითქოს შეთანხმება არ ყოფილა.

ეს ადამიანი ჭიათურის გადასარჩენად და ჭიათურის ასაღორძინებლად არ არის ჩამოსული. ამ დასკვნამდე მივედით ყველა ჩვენგანი. ეს ადამიანი არის ჩამოსული იმისთვის, რომ თვითონ იშოვოს, თვითონ რაღაც მოგებაზე გავიდეს და წაიღოს ქვეყნიდან, მაგრამ ეს ასე არ გამოვა.

დღეს დავუანონსეთ ბატონ ბარაბახს, ვიყავით კაბინეტში და დიალოგის რეჟიმში მშვიდად, წყნარად ავუხსენით რატომ და რისთვის ვითხოვთ მაგ ადამიანის წასვლას ჭიათურიდან. ხვალ დილამდე ვაძლევთ დროს, ჩაალაგოს თავისი ნივთები. თუ ხვალ ჩვენთან არ მოვა ინფორმაცია განცხადების დაწერის და გადადგომის შესახებ, ვაძლევ პირობას, რომ ხვალ დილიდან შპს მაღაროელი შეაჩერებს მუშაობას. ისეთ პროტესტის რეჟიმს გამოაცხადებს, როგორიც იყო სულ ერთი კვირის წინ დარკვეთის მაღაროსთან დაკავშირებით.

ბარაბახის გამო პროტესტის ნიშნად არ ვიმუშავებთ და არ გამოვა არც ერთი კილო ქართული მადანი და შავი ოქრო და ვერ გასხვისდება, ბარაბახის საკეთილდღეოდ და იმ ინვესტორის საკეთილდღეოდ, რომელსაც უნდა, რომ ჭიათურიდან მხოლოდ ქონება გაიტანოს“, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.


1 დეკემბერს დარკვეთის მაღაროს თანამშრომელები გაიფიცნენ, დასაქმებულები 5 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ 8-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან 12-საათიან, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას.

5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა და  დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან 12-საათიან რეჟიმზე გადავა, 1 თებერვლიდან მათი ხელფასი გაუთანაბრდება სხვა მაღაროებში 12-საათიან რეჟიმზე მომუშავეთა ხელფასებს.

ასევე, იმ მაღაროელების საათობრივი ანაზღაურების ტარიფი, რომლებიც 8-საათიან გრაფიკზე აგრძელებენ მუშაობას, 1 ივნისიდან გაუთანაბრდება 12-საათიანზე მომუშავეთა ანაზღაურების ტარიფს.

მაღაროელები ამბობდნენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო, როდესაც საქმე შეთანხმებამდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ დარკვეთის მაღაროელებს 9 ლარით ნაკლებს სთავაზობდნენ, ვიდრე ვახტურ რეჟიმზე მომუშავე სხვა დასაქმებულებს.

ჭიათურელი მაღაროელები 2023 წლის 7 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით იყვნენ გაფიცულები. საპროტესტო აქციები ჭიათურასა და თბილისში მიმდინარეობდა.

მედიაციის შედეგად, საბოლოოდ, ისინი ხელფასის 11.9%-ით ზრდას დასთანხმდნენ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაღაროელებს, საერთო ჯამში, 14 მოთხოვნა ჰქონდათ.