მაღაროელები სარჯველაძეს: გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ ან აფთიაქებში უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ წამლები

პუბლიკა

ჭიათურელი მაღაროელები „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრს – მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ, დაუყოვნებლივ გაუგზავნონ ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადონ აფთიაქში სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება.

მათი თქმით, ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია, „ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვებისა და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო“.

გთავაზობთ მაღაროელების მიმართვას სრულად:

„ბატონო მინისტრო, მოგმართავთ გადაუდებელი საჭიროების გამო და გვაქვს გადაუდებელი დახმარების მოლოდინი.

ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით.

მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც ნიშნავს იმას, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.

უკვე 5 თვეა მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა” ყოველგვარი გაფრთხილების ან გეგმის გარეშე შეაჩერა საწარმოს მუშაობა და მესამე თვეა, სრულად შეწყვიტა საწარმოში დასაქმებულების ანაზღაურება.

ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია.

ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვების და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო.

მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ (ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ აფთიაქებში) სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება (ჩვენთვის ცნობილ,  კრიზისულად საჭირო წამლების ჩამონათვალს ვურთავთ წერილს).

ასევე გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებზე, რომელზე დამოკიდებულიც არიან ჩვილ ბავშვთა ოჯახები და ბოლოს გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად – ეს შეიძლება იყოს პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, კონსერვირებული საკვები და სხვა პროდუქტები.

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ეკონომიკური კრიზისის ფონზე თქვენი თანადგომა მატერიალურის გარდა მორალურადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია მიმართვაში.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.

„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.

მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭიათურაში საპროტესტო აქციები.

მაღაროელების მოთხოვნებია:

  1. უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
  2. მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
  3. შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
  4. მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
  5. ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.

7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.

მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.

განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:

  1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
  2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
  3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
  4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.

მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა ჭიათურაში პროტესტი დაიწყეს, ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ და რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის კანცელარიის შენობასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.

ერთ-ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა, სადაც მათ მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.

მაღაროელები აცხადებენ, რომ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები „ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება“ და მათ მიმართ ნდობა არ აქვთ.

იქამდე „ქართული ოცნების” ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 28 მარტს ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამმხრივი კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, თუმცა არა მაღაროელები.

განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მიიწვიეს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლებიც, ხოლო „ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა“.