ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს – ისინი მოითხოვენ, 3 თვის ხელფასის ანაზღაურებასა და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვას.
მაღაროელები აცხადებენ, რომ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები „ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება“ და მათ მიმართ ნდობა არ აქვთ.
გარდა ამისა, მაღაროელები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ სახელმწიფოს, ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში და დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.
„ჯანდაცვის სამინისტროში შედგა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და განიხილეს გარკვეული საკითხები, რაც ჩვენთვის დამამცირებელია. ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირს, რომელიც სამმხრივ კომისიაში ჯერ კიდევ მოიაზრება, დასაქმებულები სრულ უნდობლობას ვუცხადებთ.
თქვეს, რომ პროფკავშირი 1 თვის ხელფასის 60%-ის ვალდებულებას აიღებს ბანკიდან, ეცდება იმუშაოს ბანკთან რომ ერთი თვის ხელფასი აიღოს და მისცეს დასაქმებულებს. ეს ძალიან ცინიკურია, რადგან ჭიათურელებს გვაქვს საბანკო ვალდებულებები და ამ ერთი თვის ხელფასს უცებ ჩაყლაპავენ ბანკები. მეორე მხრივ, ჭიათურა მესამე თვეა, შიმშილის ზღვარზეა და თუ პეტრიაშვილის პროფკავშირს რაიმე სიკეთის გაკეთება უნდოდა, აქამდე უნდა გაეკეთებინა.
ჩვენ მოვითხოვთ, სამმხრივი კომისიის ჯგუფში არ განიხილებოდეს პროფკავშირები. იყოს მთავრობა, დამსაქმებელთა გაერთიანება და ეს ჭიათურის პრობლემაა და აუცილებლად უნდა იყვნენ მაღაროელების წარმომადგენლები. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, ყურად იღოს ჩვენი თხოვნა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არაფერი მნიშვნელოვანი არ გაჟღერებულა გარდა იმისა, რომ ჭიათურაში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან არსებულ ვითარებას და ეს ხდება პრობლემის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. ვიდრე ეს კვლევა ჩატარდება, მანამდე საბანკო და ფინანსური პრობლემები მოსაგვარებელია”, – განაცხადა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.
მისივე თქმით, მაღაროელებმა წერილობით მიმართეს ყველა ბანკს და მთავრობის ადმინისტრაციას, რომ „საბანკო ვალდებულებებზე ნამატი პროცენტები, რომლებიც ჩვენ ხელფასის არ დარიცხვის გამო დაგვიგროვდა ბანკებში, ჩამოგვეწეროს“.
ტარიელ მიქაცაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხვალ, 29 მარტს 14:00 საათზე ჭიათურაში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.
დღეს „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტრომ სამმხრივ კომისიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე „საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას. კომპანიის წარმომადგენლები მაღაროს ლიკვიდაციის აუცილებლობის მოტივად მის არარენტაბელურობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით მოლაპარაკების გაგრძელებაზე“.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები.
„მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანებამ მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთათვის უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, რაც გაიცემა პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ინიციატივა ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს და მისი აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. […]
სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის გზების მოსაძიებლად ყველა მხარესთან აქტიური მუშაობაა საჭირო. მოკლე პერიოდში დაიგეგმება ჯგუფის წევრების მიერ ჭიათურაში გამგზავრებაც ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, რათა გამოინახოს ისეთი ალტერნატივები, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს დასაქმებულებს მოსალოდნელი ზიანისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამიტომ, უკვე 29-ე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მაღაროელების მოთხოვნებია:
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
- მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
- მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
- შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
- ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.