ჭიათურელი მაღაროელების თქმით, 12-საათიანი გრაფიკით მომუშავე მაღაროელები სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობენ, რადგან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათ კუთვნილი ხელფასი თავის დროზე არ ჩაურიცხა.
„პუბლიკასთან” საუბრისას მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე, დაახლოებით, 812 თანამშრომელი ხელფასის ჩარიცხვას 5-დან 8 რიცხვამდე ელოდა. მისივე თქმით, ხელფასის ჩარიცხვის წუთიდანვე სამუშაო პროცესი აღდგება.
„ვახტურ რეჟიმზე მომუშავე ხალხს 8 რიცხვში არ ჩაერიცხათ კუთვნილი ხელფასი და ამის გამო არის პროტესტი, თანამშრომლები არ შედიან მაღაროში. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეაჩერონ მუშაობა ხელფასის ჩარიცხვამდე. როგორც კი ხელფასი ჩაირიცხება, აღდგება სამუშაო პროცესი.
მანგანეზში გვითხრეს, რომ ცდილობენ ბანკიდან სესხი აიღონ და დაარიგონ ხელფასი. ჩვენ ჩვეულებრივად ვმუშაობდით აქამდე, მანგანუმი მოიპოვებოდა და რატომ არის საჭირო ბანკიდან სესხის აღება ჩემთვის გაუგებარია. რეალურად, ჩვენ 5 რიცხვიდან ველოდებოდით ხელფასს. დაახლოებით, 812 ადამიანია ასეთ მდგომარეობაში“, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
„ყველა ელოდება იმ დღეს, როცა ხელფასი დაჯდება ანგარიშზე. ახლა ისე გამოვიდა, რომ 8 რიცხვი არის ხელფასის ჩარიცხვის ბოლო დღე, ყველა ელოდებოდა და არ ჩაირიცხა. რაც არის ნათქვამი, რა პასუხისმგებლობაც გვაქვს ერთმანეთთან, ის ყოველთვის უნდა შევასრულოთ. როცა მთელი დღის განმავლობაში ადამიანები ელოდებიან ხელფასს და უკვე დღის მიწურულს ამბობ, რომ მე დღეს შენ ხელფასს ვერ ჩაგირიცხავ, მემგონი არ არის მართებული. არავის არ ესიამოვნება ასეთი რამ და შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს. ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – ამბობს მერაბ სარალიძე.
„ჩვენს უკან არიან ოჯახები და ამ ხელფასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ერთი კაცი არ მეგულება, რომ ვალი არ ჰქონდეს. რა ვუთხრათ ბანკს? რა ვუთხრათ ოჯახებს? რა პასუხი მივიტანოთ სახლში, რომ კომპანიას თურმე უჭირს? რა ვაჭამოთ ჩვენს შვილებს ამაზე გაგვცენ პასუხი“, – აცხადებს მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელსაც მაღაროელების პროტესტის დროს თვალები ჰქონდა ამოკერილი.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზსაც“. კომპანიაში ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დროულად ვერ მოხერხდა ბანკის სესხის დამტკიცება და ხელფასების ჩარიცხვა. მათი თქმით, მაღაროელებს ანაზღაურება დღეს ჩაერიცხებათ. „ბანკი გვეუბნება, რომ დღეს მოასწრებს დარიცხვას“, – აცხადებენ „ჯორჯიან მანგანეზში“.
„ხელფასის 40%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურელი მაღაროელები 2023 წლის 7 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით გაიფიცნენ. საპროტესტო აქციები ჭიათურასა და თბილისში მიმდინარეობდა.
მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. პროტესტის მონაწილე ერთ-ერთ მაღაროელს თვალები ჰქონდა ამოკერილი, ერთს – პირი.
მედიაციის შედეგად, საბოლოოდ, ისინი ხელფასის 11.9%-ით ზრდას დასთანხმდნენ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მაღაროელებს, საერთო ჯამში, 14 მოთხოვნა ჰქონდათ.
გთავაზობთ ჭიათურის მაღაროელთა მოთხოვნების სრულ ჩამონათვალს:
- ხელფასის 40%-იანი მატება (არ ეხება მენეჯმენტს);
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი);
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება);
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება;
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება;
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა;
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება);
9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე;
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით;
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით;
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე;
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად;
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს.
კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად, გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.