მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს მოქალაქე, რომელსაც წილოსანი „ადევნებაში" ადანაშაულებს

პუბლიკა

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს პირი, რომელსაც „ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს. დათა კუპრავას განცხადებით, გამოკითხვაზე გაჟღერებული კითხვები ისეთივე „აბსურდული და შეთითხნილი” იყო, როგორიც თავად მის წინააღმდეგ დაწყებული საქმეა.

„როგორი აბსურდული ბრალდებაც იყო, როგორი აბსურდული და შეთითხნილი საქმეც იყო, ზუსტად ისეთი აბსურდული კითხვები დაისვა: სად ვიყავი? რატომ ვიყავი? ვიცნობდი თუ არა ნინო წილოსანს? აქამდე ჩავსაფრებივარ თუ არა ოდესმე? წინასწარი მქონდა თუ არა ეს დაგეგმილი და საერთოდ რატომ ვიმყოფებოდი იქ? მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ჩემს მეუღლესთან ვიყავი, კითხვები წამოვიდა შემდეგი სტილის, თუ რაში ვეხმარებოდი ჩემს მეუღლეს, რატომ მივედი ამ ტერიტორიაზე და ა.შ.

მე მათ ძალიან მკაფიოდ ავუხსენი, რომ ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით, ორი წელია, რაც ყოველდღიურ რეჟიმში დავდივარ, ვუთხარი ისიც, რომ მათ შორის ნინო წილოსანზე ხშირადაც ვიყო იქ და ვუთხარი, რომ მას შემდეგ, რაც მე სახლის მიმართულებით მივდიოდი, დავინახე, როგორ აძლევდა ინტერვიუს ის თავის პროპაგანდისტულ არხებს. მას შემდეგ, რაც დავუსიგნალე და დავუძახე, რომ იყო მოღალატე, გადაიღო ვიდეო იმედის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, გადაუგზავნა ქალბატონ ნინო წილოსანს და მან დადო Facebook-ზე პოსტი, რომ თითქოს მე მას ჩავუსაფრდი, ვუთვალთვალებდი, ავედევნე, რაც თავისთავად აბსურდულია.

მე მაშინვე გამოვეხმაურე კომენტარებში და დავუწერე, რომ ქალბატონო ნინო, მე ვარ ის ბიჭი და არც ფაშისტი ვარ და მით უმეტეს, არც თქვენ აგდევნებივართ-მეთქი. რის შემდეგაც, ქალბატონმა ნინომ ცილისწამების ახალი კამპანია დაიწყო, წავიდა კრიმინალურ პოლიციაში, დაწერა განცხადება და მიჩივლა.

მას შემდეგ, რაც მე დამიკავშირდნენ, უარი განვაცხადე ჩემი უნდობლობის გამო უწყებების მიმართ და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა. მე სასამართლოს და შსს-ს წარმომადგენლებს მოვახსენე, რომ ქალბატონი ნინო წილოსანი პირიქით აქეთ არის კრიმინალის ჩამდენი”, – განაცხადა მან „ფორმულასთან” ჩართვის დროს.

ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქე მანქანიდან ასიგნალებს მაშინ, როცა წილოსანი თამარაშვილის ქუჩაზე, ინტერვიუს აძლევდა მედიას. დეპუტატის თქმით, მოქალაქემ მას „მოღალატე” დაუძახა. ინციდენტთან დაკავშირებით წილოსანი გამოკითხვაზე დაიბარეს – მისი თქმით, რამდენჯერმე შენიშნა სხვადასხვა მანქანა როგორ „უთვალთვალებდა”.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. ასევე, მოქალაქეების სახლებთან, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ წარწერებს ტოვებენ. გარდა ამისა, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს სახლებთან ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, თუმცა ამ დრომდე უწყებების მიერ იდენტიფიცირებული არავინაა.