„მაგნატის“ საქმის ორი მოსამართლე, ასევე ბესო ხარძიანის მოსამართლე დაწინაურებულია - დოლიძე

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენაა, რომელიც რუსეთს ესიამოვნება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დოლიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაწინაურდა „მაგნატის“ საქმის ორი მოსამართლე – ლაშა ქოჩიაშვილი და მზია ლომთათიძე, ასევე  ბესარიონ ხარძიანის საქმის მოსამართლე – ლელა ნოზაძე.

„ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც წარსდგება მომავალში, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“, რომელიც აგრძელებს „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას და რომელსაც ჰყავს 53 პოლიტპატიმარი ტყვედ აყვანილი. იმ ადამიანებმა, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის საქმეზე და ლეონიძის საქმეზე, ის ადამიანები „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ, არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს განაგრძობენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას“, – თქვა დოლიძემ.

კერძოდ, დოლიძე ამბობს, რომ ჯემალ ლეონიძის საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ქსელის -„მაგნატის“ საქმის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი 2021 წელს დააწინაურეს. ის 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. ამ მოსამართლემ ენმ-ის ხელისუფლების დროს განიხილა „მაგნატის საქმე“ და კომპანიის ლიკვიდაცია გამოაცხადა. ლეონიძე მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. 2014 წელს For.ge-სთან ინტერვიუში ის ყვებოდა, რომ გათავისუფლების შემდეგ მოიძიეს აქტივები, სარჩელით მიმართეს სასამართლოს, ეს საქმე ისევ ლაშა ქოჩიაშვილს დაეწერა, რომელმაც უარი თქვა განხილვაზე, სააპელაციომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა ხელმეორედაც საქმე ლაშა ქოჩიაშვილს დაეწერა.

„2014 წლის 25 ივნისს გაიხსნა სხდომა და იმ დღესვე დასრულდა პროცესი, ჩვენი საქმე არ განიხილეს“, ამბობდა ის 2014 წელს.

„ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა კომისიამ ეს საქმე 25 მარტს განიხილა. რაც შეეხება მეორე მოსამართლეს, მზია ლომთათიძეს, დოლიძემ თქვა, რომ 2012 წელს მან ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯემალ ლეონიძის პატიმრობასთან დაკავშირებით, რაც უკანონო იყო. ლომთათიძე 2012 წლის ოქტომბრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

ბრიფინგზე დოლიძემ ისაუბრა ხარძიანის საქმეზეც და თქვა, რომ მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც 2011 წელს ბესო ხარძიანი ნარკოდანაშაულის ბრალდების გაასამართლა და პატიმრობაში გაუშვა, ამავე მოსამართლემ განიხილა ხარძიანის მკვლელობის საქმე.

2017 წლის მაისიდან ნოზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა, 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ. „ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა კომისიამ 21 მარტს განიხილა ეს საქმე. სხდომაზე ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა, დისტანციურად ჩართეს მსჯავრდებული ზაზა გუგავა. კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულები არიან გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე.